ბლოგი

ერთი დღე ვენეციაში

ერთი დღე ვენეციაში

არ დამავიწყდება ის ემოცია, რაც პირველად ვენეციაში მოგზაურობისას მივიღე და გადავწყვიტე მეორედაც აუცილებლად წავსულიყავი. ეს ის ადგილია, რომლის მონახულებაც ალბათ არ მომბეზრდება და აუცილებლად ყველას გირჩევთ, რომ ნახოთ თუ იტალიას ესტუმრებით. როგორ მოვხვდეთ ვენეციაში ვენეციაში სავარაუდოდ ყველა დიდი და ალბათ პატარა ქალაქიდანაც დადის ტრანსპორტი (მატარებელი […]


უკანასკნელი პოსტები

ერთი დღე ვენეციაში

ერთი დღე ვენეციაში

არ დამავიწყდება ის ემოცია, რაც პირველად ვენეციაში მოგზაურობისას მივიღე და გადავწყვიტე მეორედაც აუცილებლად წავსულიყავი.

ეს ის ადგილია, რომლის მონახულებაც ალბათ არ მომბეზრდება და აუცილებლად ყველას გირჩევთ, რომ ნახოთ თუ იტალიას ესტუმრებით.

როგორ მოვხვდეთ ვენეციაში

ვენეციაში სავარაუდოდ ყველა დიდი და ალბათ პატარა ქალაქიდანაც დადის ტრანსპორტი (მატარებელი და ავტობუსი), გირჩევთ წინასწარ მოძებნოთ და იყიდოთ ბილეთი. მე მილანიდან წავედი და Flix Bus – ის ბილეთი სულ რაღაც 10 ევროდ შევიძინე. დაახლოებით სამ საათში უკვე ვენეციაში ვიყავი.

ვენეცია, როგორც იცით ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ეს არის ისტორიული ქალაქი და თუ აქ გინდათ მოხვედრა სანტა ლუჩიას სადგურზე უნდა ჩამოხვიდეთ (მატარებლით), ხოლო დასახლებული ქალაქის მთავარი სადგური ვენეცია მესტრეა. შესაბამისად, ბილეთის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ რომელი სადგურიდან გადის და რომელ სადგურზე ჩერდება თქვენთვის სასურველი ტრანსპორტი.

თუ ვენეციაში დარჩენას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ძველ ვენეციაში ღამის გათევის ერთ ადამიანზე საშუალოდ 50 ევროდან იწყება, ჰოსტელები 30 ევროდან. თუ ბიუჯეტურად მოგზაურობთ მე გირჩევთ, რომ მესტრეში გაჩერდეთ. სახლები და სასტუმროები შედარებით იაფია, მესტრედან სანტა ლუჩიამდე კი მატარებლით დაახლოებით 10 წუთში მიხვალთ და მგზავრობა ერთი მიმართულებით 1.25 ევრო დაგიჯდებათ.

გული არ დაგწყდეთ, თუ ქალაქის მოსანახულებლად დიდი დრო არ გაქვთ, იმ სილამაზის აღსაქმელად რაც ვენეციაშია, ერთი დღეც სავსებით საკმარისია. ხოლო თუ უფრო დიდხანს გაჩერდებით, საშუალება გექნებათ უფრო მეტი ადგილი მოინახულოთ და ახლომდებარე კუნძულებს (მურანო, ბურანო და ა.შ) ესტუმროთ.

 

რა უნდა მოვინახულოთ ვენეციაში

თუ ვენეციაში ჩემსავით მხოლოდ ერთი ღამე გაჩერდებით, სანახავი ძირითადად არხები, ვიწრო და ულამაზესი ქუჩებია. უბრალოდ ისერნეთ და არ იჩქაროთ, თუმცა აუცილებლად მოინიშნეთ ადგილები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ, მათ შორისაა რამდენიმე უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ხიდი: Grand Canal, Rialto Bridge და Bridge of Sighs.

Support  – დაახლოებით ერთი წლის წინ ახალგაზრდა მოქანდაკემ ლორენცო ქუინმა ვენეციაში ცნობილი ხელების მონუმენტი დადგა, რომლის მიზანიც საზოგადოებაში გლობალური დათბობის მიმართ ცნობიერების ამაღლებაა. დღეს ეს ინსტალაცია ვენეციაში მოსანახულებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლად იქცა.

 

Piazza di San Marco – ეს პიაცა ალბათ ყველაზე დიდ ემოციას იწვევს, რადგან ძალიან ვიწრო და პატარა ქუჩებიდან სრულიად მოულოდნელად ხვდები უზარმაზარ და დაუჯერებელი სილამაზის პიაცაზე. სწორედ ამ პიაცაზეა ვენეციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა Saint Mark’s Basilica, რომლის მონახილებასაც აუცილებლად გირჩევთ. როდესაც კათედრალს დაათვალიერებთ აუცილებლად ადით კოშკშიც, რომელიც სან მარკოს პიაცას გადმოჰყურებს ზემოდან. ეკლესიაში შესვლა უფასოა, თუმცა კოშკში ასვლა 5 ევრო ღირს. გაითვალისწინეთ, რომ რიგი საკმაოდ დიდია, შესაძლოა ერთი საათიც მოგიწიოთ დგომა, თუმცა შეგიძლიათ წინასწარი ონალინ რეზერვაცია გააკეთოთ, რაც 2 ევრო ღირს და თავიდან აიცილოთ რიგში დგომა. 

   

ამის შემდეგ აუცილებლად გაისეირნეთ ზღვისპირა ქუჩაზე, რომელიც კათედრალის მარჯვენა მხარესაა. ქუჩა სავსეა რესტორნებით, ბარები, მუსიკოსებითა და ხალხით.

ადგილები, რომლებიც მე არ მომინახულებია, მაგრამ მათი ნახვა აუცილებლად ღირს თუ ხელოვნება გაინტერესებთ და თუ დრო გაქვთ: Doge’s Palace, Galerea Academia

რადგან ვენეციაზე გიყვებით აუცილებლად უნდა ვახსენო გონდოლა, ეს სიამოვნება მეგონდოლის სიმღერასთან ერთად 80-100 ევრო დაგიჯდებათ, თუმცა ამ ტრანსპორტით მოსარგებლე მხოლოდ ჩინელებს ან რუსებს თუ დაინახავთ 🙂

ვენეცია, იტალია, გონდოლა

Squero di san Trovaso ეს ის ადგილია, სადაც გონდოლები მზადდება.

კვება

სანამ რესტორანს ესტუმრებით, აუცლებლად დააკვირდით ფასებს, ხანდახან ხდება ისე, რომ რესტორანში მაგიდასთან შეკვეთისა და ფეხზე დგომის შემთხვევაში სხვადასხვა ფასი მოქმედებს. ასევე დააკვირდით, რომ ფასები 100 გრამზე არ იყოს მოცემული.

ზოგადად ვენეციაში ფასები საკმაოდ მაღალია, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ტურისტულია. მე გირჩევთ უბანს, რომელსაც ქვია Dosorduro, აქ აღმოაჩენთ რესტორნებს ადეკვატური ფასით, გემრიელი საკვებითა და ღვინის დიდი არჩევანით. აქ მივაგენით პატარა იტალიურ რესტორანს Pane Vino da Mauri. ლაზანია ისეთივე გემრიელი იყო, როგორც ფოტოზე გამოიყურება. ამავე ქუჩაზე რამდენიმე რესტორანია, რომელიც გემრიელ საკვებსა და კარგ სერვისს ხელსაყრელ ფასად შემოგთავაზებთ.

გაითვალისწინეთ, რომ იტალიელების ვახშამი დაახლოებით 7-8 საათიდან იწყება, შესაბამისად რესტორანშიც ამ დროს ჯობია მისვლა, რადგან მანამდე შეიძლება დაკეტილი დაგხვდეთ და მოგიწიოთ ლოდინი.

იმედია ეს რჩევები ვენეციაში მოგზაურობის დროს გამოგადგებათ 🙂

შეკითხვები ან რჩევები შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარის გრაფაში.